მარკო რუბიომ თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან კითხვაზე, მიაჩნია თუ არა პუტინი ომის დამნაშავედ

მარკო რუბიო

დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, – ასე უპასუხა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სენატორ კიტინგის მიერ დასმულ კითხვას: „არის თუ არა რუსეთი აგრესორი უკრაინის ომში?“

კერძოდ, სენატორმა აღნიშნა: „ამ საკითხში სიცხადის შეტანა მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო ეს ომი, ჩვენს მოკავშირეებს აქვთ უფლება, იცოდნენ ეს“.

„დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში“, – განაცხადა რუბიომ. „ანუ ისინი არიან აგრესორები ამ ომში, სწორია?“ – დააზუსტა კითხვა სენატორმა კიტინგმა.

„ისინი შეიჭრნენ იქ, დიახ“, – უპასუხა რუბიომ.

სენატორს ასევე სურდა დაზუსტება, მიაჩნია თუ არა მარკო რუბიოს ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ და აწარმოებს თუ არა აშშ მოლაპარაკებას სამხედრო დამნაშავესთან, თუმცა რუბიომ კითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ახლა მათი მთავარი ამოცანა ომის დასრულებაა.

აღნიშნულმა სენატორსა და სახელმწიფო მდივანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. მარკო რუბიოს თქმით, ამ ომში სამხედრო დანაშაულები მოხდა და მათი გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა მოხდება, თუმცა რადგან ომი გრძელდება, სამხედრო დანაშაულები კიდევ ხდება და ხალხიც ყოველდღიურად იღუპება. სენატორმა რუბიოს შეახსენა, რომ წლების წინ, როდესაც სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, რექს ტილერსონი იმყოფებოდა მოსმენაზე და თავად რუბიო კონგრესმენის რანგში კითხვებს უსვამდა მას, იმ დროს რუბიო პუტინს სამხედრო დამნაშავედ მიიჩნევდა.