მარკო რუბიომ ფრიდრიხ მერცსა და დევიდ ლემისთან სატელეფონო საუბარი გამართა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან, დევიდ ლემისთან სატელეფონო საუბრები გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

საუბარი შეეხო ევროპელი ლიდერების კიევში ერთობლივი ვიზიტის დეტალებს.

რუბიომ მერცს მიულოცა კანცლერად დანიშვნა, ასევე განიხილა გერმანიისა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა.

„რაც შეეხება უკრაინას, მათ განიხილეს შეხვედრა კანცლერის, პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ სტარმერის, პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით კიევში და ჩვენი საერთო მიზანი – დავასრულოთ ომი უკრაინაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანელ კოლეგასთან საუბრისას კი რუბიომ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ მათთვის პრიორიტეტად რჩება საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა. კოლეგებმა ასევე განიხილეს კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის.

შეგახსენებთ, 10 მაისს კიევში ვიზიტისას „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა წამოაყენეს მოთხოვნა რუსეთისადმი, 12 მაისიდან დათანხმდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას 30 დღის ვადით. უარის შემთხვევაში ისინი მზად არიან, გამოიყენონ ახალი სანქციები და აღნიშნეს, რომ ეს იქნება ევროპისა და აშშ-ის სინქრონიზებული ნაბიჯები. ამ განცხადებამდე მათ გამართეს ერთობლივი სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპთან.