მარგინალური ორგანიზაციებისა და ბანდიტების თავდასხმის გამო, ამ დღეებში 123 ჩვენი პოლიციელი დაშავდა - ერდოღანი საპროტესტო აქციებზე

ერდოღანი

სტამბოლის ოპოზიციონერი მერის გათავისუფლების მოთხოვნით თურქეთში დემონსტრაციები არ წყდება. დაკავებულია 1100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ათი ჟურნალისტი.

ერდოღანმა პროტესტს "ძალადობის მოძრაობა" უწოდა.

"შეშფოთებით ვადევნებდით თვალს მოვლენებს, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერის მოწოდების შემდეგ დაიწყო. ეს სწრაფად გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მარგინალური ორგანიზაციებისა და ბანდიტების თავდასხმის გამო, ამ დღეებში 123 ჩვენი პოლიციელი დაშავდა.

სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობამ, მათ შორის, ამ პარტიის თავმჯდომარემ, გვაჩვენეს უგუნურობის მაგალითი, პარტიის ლიდერები და მისი მხარდამჭერები, რომლებმაც ხალხი ქუჩაში გამოსვლისკენ წააქეზეს, სრულად არიან პასუხისმგებლები პოლიციელების დაშავებაზე, მაღაზიების მფლობელების ზარალზე, რომელთა ვიტრინებიც დაიმსხვრა, ასევე მილიარდობით ლირის ღირებულების სახელმწიფო საკუთრებისთვის მიყენებულ ზიანზეც", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.