მაია სანდუ აცხადებს, რომ კრემლი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა

მაია სადუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მტკიცებით, უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად.

მაია სანდუს თქმით, კიევის მიერ მოლდოვის ხელისუფლებისთვის გადაცემული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კრემლი მოლდოვაში დივერსანტების ჩაყვანას რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან აპირებდა.

„ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების მქონე პირთა მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კიევის მიერ კიშინიოვისთვის გადაცემულ დოკუმენტებში დივერსიული ქმედებებისთვის საჭირო ლოჯისტიკაა გაწერილი.

სანდუს განცხადებით, რუსეთი მოლდოვაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საფარქვეშ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას გეგმავს და ამ მიზნით გარკვეული შიდა ძალების გამოყენებასაც აპირებს.

პრეზიდენტის თქმით, სამართალდამცავი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ და მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარებას არ დაუშვებენ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გასულ კვირას გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას რუსეთის გეგმა ჩაუვარდა ხელში, რომლითაც კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა.