1747854625
მადრიდში ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირე, პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვი მოკლეს

მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირე, პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვი მოკლეს. მედიის ცნობით, ანდრეი პორტნოვი მოკლულია ესპანეთის დედაქალაქის მდიდრულ რაიონში, პოსუელოში, ამერიკული სკოლის ჭიშკართან დილის საათებში.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ანდრეი პორტნოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ასევე დაადასტურეს გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროებმა.
მედია წერს, რომ ანდრეი პორტნოვს იმ დროს ესროლეს, როდესაც შვილები სკოლაში მიჰყავდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ანდრეი პორტნოვი იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის თანამებრძოლი. ის იყო ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და კურირებდა უკრაინის სასამართლო სისტემას.
2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ანდრეი პორტნოვი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს იურიდიული გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
„ევრომაიდნის“ შემდეგ ანდრეი პორტნოვმა უკრაინა ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდთან ერთად დატოვა და, როგორც მედია იუწყებოდა, ხუთი წლის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდა.
უკრაინაში მის სახელს უკავშირებენ სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეს, მათ შორის მიწისა და უძრავი ქონების მითვისებას და „ღირსების რევოლუციის“ დროს მაიდანზე მომხდარ მკვლელობებს. თავად ანდრეი პორტნოვი წარმატებით ასაჩივრებდა ამ ბრალდებებს უკრაინის სასამართლოებში.