პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლონდონის მუზეუმში შენახული მინერალი 60 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის კვერცხი აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
1883 წელს ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმის კოლექციაში დაახლოებით 15-სანტიმეტრიანი აქატის მინერალი დაარეგისტრირეს, რომელიც იქ 175 წლის განმავლობაში ინახებოდა. ამდენი ხნის შემდეგ, თითქმის სფერული ფორმის ნიმუშის შესწავლამ აჩვენა, რომ ის სინამდვილეში დინოზავრის კვერცხია.
2018 წელს, საგამოფენოდ მომზადებისას, ღია ვარდისფერი და მოთეთრო შეფერილობის ობიექტმა ერთ-ერთი კურატორის, რობინ ჰანსენის ყურადღება მიიქცია. მალევე, საფრანგეთში გამართულ მინერალების გამოფენაზე, მისი მნიშვნელობა გამოვლინდა, როცა სპეციალისტს აქატად ქცეული დინოზავრის კვერცხი წარუდგინეს, რომელიც ზემოხსენებულ ნიმუშს ძალიან ჰგავდა.
ექსპერტებმა კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით მისი გამოკვლევა გადაწყვიტეს, მაგრამ აქატის სიმკვრივის გამო დეტალური ანალიზი ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, მინერალის გარშემო არსებული თხელი შრე ნაჭუჭს მიამსგავსეს, მისი ზედაპირი კი მიანიშნებდა, რომ თავდაპირველად იქ 1-ზე მეტი ობიექტი (კვერცხი) უნდა ყოფილიყო გაერთიანებული.
აღსანიშნავია, რომ ამ ნიმუშს ინდოეთში მიაგნეს. მისი ზომა, ფორმა და სხვა მახასიათებლები ჩინეთსა და არგენტინაში მიკვლეული ტიტანოზავრის კვერცხებისას ემთხვეოდა. ის სწორედ 60 მილიონი წლის წინ ახლანდელი ინდოეთის ტერიტორიაზე მობინადრე ტიტანოზავრს ეკუთვნის, ცხოველს, რომელიც, სიდიდის მიუხედავად, 30-40 პატარა კვერცხს დებდა.
მეცნიერთა ვარაუდით, ეს ვულკანური აქტიურობისას მოხდა, რამაც კვერცხი ამოფრქვევის შემდეგ გამყარებულ ვულკანურ ქვაში მოაქცია. შიდა სტრუქტურები დაიშლებოდა, ხოლო მის ღრუში სილიციუმის დიოქსიდის შემცველი წყლის შედინება აქატის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს.