ლონდონის ეროვნულმა გალერეამ დეგას „რუს მოცეკვავეებს“ სახელი შეუცვალა

უკრაინელი მოცეკვავეები

ლონდონის ეროვნულმა გალერეამ ფრანგი ფერმწერის, ედგარ დეგას, ტილოს „რუსი მოცეკვავეები“ სახელი შეუცვალა და „უკრაინელი მოცეკვავეები“ დაარქვა.

დაწესებულების ცნობით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სხვა კულტურული ინსტიტუტებისთვის ბიძგის მიცემას, რათა უკრაინული ხელოვნებისა და მემკვიდრეობის მცდარი ინტერპრეტაციები შეასწორონ.

იმპრესიონისტი მხატვრის პასტელში შესრულებული ნამუშევრისთვის სახელის შეცვლას ეროვნულ გალერეას ინტერნეტმომხმარებლებიც სთხოვდნენ. მოტივი ნახატის ერთ-ერთი დეტალი იყო - ტილოზე გამოსახულ მოცეკვავეებს თმას უკრაინის ფერებში, ლურჯ-ყვითელში, გადაწყვეტილი ლენტები უმშვენებს.

„ამ ნახატის სახელწოდება წლების განმავლობაში განხილვის საგანი იყო მკვლევრებისთვის“, - ამბობს ეროვნული გალერეის წარმომადგენელი, - „თუმცა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიექცა. ამდენად, მივიჩნიეთ, რომ ნახატის თემის უკეთ ასახვის მიზნით ნამუშევრისთვის სახელის შესაცვლელად შესაფერისი დრო იყო“.

ლონდონის ეროვნული გალერეის ცნობით კი, ისინი კვლევას განაგრძობენ და, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნების ნიმუშების სახელწოდებებს და მათ შესახებ ინფორმაციას განაახლებენ.