ლიეტუვამ რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი გამოავლინა, რომელიც ევროპაში აფეთქებებს გეგმავდა - „დოიჩე ველე“

დოიჩე ველე

ლიეტუვამ რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი გამოავლინა, რომელიც ევროპაში აფეთქებებს გეგმავდა, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ლიეტუვის გენერალური პროკურატურისა და კრიმინალური პოლიციის განცხადებით, წარმატებით აღკვეთეს რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტები, რომლებიც ფოსტის საშუალებით ბომბების გაგზავნას ითვალისწინებდა. დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის მოქალაქეები.

გამოძიების თანახმად, 2024 წლის ივლისში ლიეტუვის მოქალაქემ, თანამონაწილეებთან ერთად საკურიერო კომპანია DHL და DPD-ის მეშვეობით ვილნიუსიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ოთხი ამანათი გაგზავნა „ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით“. ორი ამანათი DHL-ის სატვირთო თვითმფრინავებით დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა, დანარჩენები – DPD-ის სატვირთო მანქანებით პოლონეთში. რამდენიმე ეჭვმიტანილი კავშირშია 2024 წლის 9 მაისს ვილნიუსში, IKEA-ს მაღაზიაში ცეცხლის წაკიდების წარუმატებელ მცდელობასთანაც.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 20 ივლისს ერთი მოწყობილობა აფეთქდა ლაიფციგის აეროპორტში, გერმანიაში, მომდევნო დღეს მეორე აფეთქდა DPD-ს სატვირთო მანქანაში პოლონეთში, 22 ივლისს მესამე აფეთქდა ბირმინგემში, ინგლისში, DHL-ის საწყობში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულების ორგანიზებასა და მათი შესრულების კოორდინაციას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ახდენდნენ, რომლებსაც კავშირები აქვთ რუსეთის სამხედრო-სადაზვერვო სამსახურებთან“, – ნათქვამია ლიეტუვის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში ლიეტუვაში, პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში 30-ზე მეტი ჩხრეკა ჩატარდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება გრძელდება.