ლას-ვეგასში, ტრამპის სასტუმროსთან აფეთქებული Tesla Cybertruck-ის მძღოლი მოქმედი ამერიკელი სპეცრაზმელი იყო - BBC

ლას-ვეგასში, ტრამპის სასტუმროსთან აფეთქებული Tesla Cybertruck-ის მძღოლი მოქმედი ამერიკელი სპეცრაზმელი იყო - BBC

ლას-ვეგასში, ტრამპის სასტუმროს წინ Tesla Cybertruck აფეთქების საქმეზე BBC განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ბრიტანული მაუწყებელი, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა, მოქმედი ამერიკელი სპეცრაზმელი იყო და აფეთქებამდე მან თავი მოიკლა.

არსებული ინფორმაციით, 37 წლის მეთიუ ალან ლიველსბერგერგი კოლორადოს შტატიდან იყო. მან ავტომობილი აფეთქების ადგილიდან 1 300 კილომეტრის მოშორებით იქირავა და ნევადის შტატისკენ გაემართა.

სამართალდამცველების თქმით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, თვითმკვლელობის შედეგად დაიღუპა. გასროლას ძლიერი აფეთქება მოჰყვა, რადგან ავტომობილში საწვავის ავზები და ფეიერვერკები ეწყო.

დაშავებულია 7 ადამიანი. ოფიციალური პირების თქმით, ყველა მათგანი - მსუბუქად.

შერიფის განცხადებით, გამომძიებლებმა დამწვარი ავტომობილიდან ამოიღეს სამხედროს პირადობის მოწმობა, პასპორტი, ორი ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, ფეიერვერკის აღჭურვილობა, აიფონი, Smart-საათი და რამდენიმე საკრედიტო ბარათი, რომელიც ლიველსბერგერის სახელზეა რეგისტრირებული.