კვიპროსზე თავდასხმა ევროპაზე თავდასხმაა, საზღვაო გადაადგილების დაცვის მიზნით, საფრანგეთი წითელ ზღვაში ორ ფრეგატს გაგზავნის - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

კვიპროსზე თავდასხმა ევროპაზე თავდასხმაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პაფოსში ვიზიტის დროს, კვიპროსის პრეზიდენტთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის საზღვაო მისიის ფარგლებში, საზღვაო გადაადგილების დაცვის მიზნით, საფრანგეთი წითელ ზღვაში ორ ფრეგატს გაგზავნის.

„ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ ნავიგაციის თავისუფლება და საზღვაო უსაფრთხოება – აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, წითელ ზღვაში, სუეცის არხიდან ბაბ ელ-მანდების სრუტემდე. კერძოდ, „ასპიდესის“ ფარგლებში, კოალიციის, რომელიც უკვე არსებობს, რომლის შტაბბინაც საბერძნეთშია განთავსებული და ამჟამად საბერძნეთი უწევს კოორდინაციას. საფრანგეთი ამ გრძელვადიან პერსპექტივაში წვლილს შეიტანს ორი ფრეგატით, რომელიც ამ ძალისხმევისთვის იქნება მიძღვნილი. ჩვენ წმინდა თავდაცვითი, წმინდა ესკორტის მისიის შექმნის პროცესში ვართ, რომელიც როგორც ევროპულ, ასევე არაევროპულ სახელმწიფოებთან ერთად შეიქმნება. მისი მიზანია, კონფლიქტის ყველაზე არასტაბილური ფაზის დასრულებისთანავე რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს კონტეინერმზიდი გემებისა და ტანკერების ესკორტირება ორმუზის სრუტის თანდათანობითი გახსნისთვის, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის მიმოქცევისთვის, რომელთა ტრანსპორტირებაც კვლავ უნდა იყოს შესაძლებელი ამ რეგიონიდან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.