„კვარაცხელიას ანარქიულმა სტილმა იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ტიტულის პრეტენდენტად აქცია“ - The New York Times

ხვიჩა კვარაცხელია

ევროპულ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიაზე აქტიურად წერენ. ავტორიტეტული იტალიურ გამოცემების შემდეგ ცხადია, ამერიკული პრესაც დაინტერესდა.

ახლახან, ქართველ ფეხბურთელზე Washington Post-მა დაწერა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ის The New York Times-ის გვერდებზეც მოხვდა.

გაზეთ The New York Times-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაქო და აღნიშნა, რომ ქართველი გარემარბის „ანარქიულმა სტილმა“ იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ტიტულის პრეტენდენტად აქცია.

„ხვიჩა კვარაცხელიას ანარქიულმა სტილმა იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ტიტულის პრეტენდენტად აქცია. რაც მთავარია, მან ფეხბურთი კვლავ მხიარული გახადა“, - ნათქვამია სტატიაში სათაურით „კვარადონას მყისიერი ლეგენდა“.

გაზეთი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ხუთი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორი გოლი გაიტანა, რაც დაეხმარა გუნდს ადვილად გასულიყო შემდეგ ეტაპზე იმ ჯგუფიდან, რომელშიც ლივერპული და აიაქსი არიან.

სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ „იშვიათობის გრძნობას“, რომელიც მათი აზრით, კვარაცხელიას მიმზიდველობის ძირია.

„კვარაცხელია მოთამაშეა, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთი - თავისი ინდუსტრიალიზებული ახალგაზრდული სისტემებითა და სტილისტური შაბლონებით - აღარ აწარმოებს“, - ნათქვამია სტატიაში.