დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს NATO-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამის შესახებ ვოლკერმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს შესაძლებელია „რასმუსენის ფორმულით“, რომელიც ორი წლის წინ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა წარადგინა.
„ანუ საქართველო და NATO განაცხადებენ, რომ არც საქართველო და არც NATO არ უჭერენ მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალისმიერ ოპერაციას, არამედ მხარს უჭერენ მათ მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოში. ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ იმ პირობით, რომ NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეს მუხლი გავრცელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მშვიდობიანი გზით რეინტეგრაცია მოხდება საქართველოსთან. ანუ საქართველოსთვის ფორმულა არსებობს“, – განაცხადა ვოლკერმა.
ამასთან, ვოლკერის თქმით, უკრაინის შემთხვევაში ეს ფორმულა აღარ იმუშავებს, რადგან რუსეთმა საკუთარი მოქმედებით ასეთი შესაძლებლობა გააქრო.
„ამიტომ უკრაინამ უნდა იომოს, რათა დაიბრუნოს ყველა საკუთარი მიწა. უკრაინის ტერიტორიების ნაწილის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დატოვება სახიფათოა. ეს არის ის, რაც მესმის ჩემი უკრაინელი მეგობრებისა და კოლეგებისგან. ანუ უკრაინა გააგრძელებს ომს. მაგრამ თუ რაღაც მომენტში დამყარდება მშვიდობა, რასმუსენის ფორმულა ამ შემთხვევაში იმუშავებს“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა აჩვენა, რომ ევროპაში ნეიტრალურ და ბლოკგარეშე სახელმწიფოდ ყოფნა სახიფათოა.
„დაუშვებელია, რომ ომის დასრულების მომენტისთვის დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები, რათა რუსეთმა ისევ იგრძნოს, რომ მათზე თავდასხმა შეუძლია. ამიტომ ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, ხოლო უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცახდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა.
წყარო: 1TV.GE