კუბაზე დააკავეს 17 ადამიანი, რომლებიც ადამიანებს უკრაინაში, რუსეთის მხარეს საომრად აგზავნიდნენ

კუბა

კუბაზე დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოააშკარავეს და 17 პირი დააკავეს, რომლებიც ადამიანებს ქირაობდნენ და უკრაინაში, რუსეთის მხარეს საომრად აგზავნიდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

როგორც კუბის პროკურორმა ჰოსე ლუის რეიესმა განაცხადა, დაკავებულებს 30 წლამდე პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. საუბარია ადამიანებით ვაჭრობაზე, უცხო ქვეყანაში დაქირავებულ მებრძოლად ომში მონაწილეობაზე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კუბის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში მოქმედი „რუსული ქსელი“ გამოააშკარავეს, რომელიც კუბაზე ადამიანებს ქირაობდა და უკრაინაში, რუსეთის მხარეს საომრად აგზავნიდა.

ჰავანაში აცხადებენ, რომ კუბის მტრები დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ და ქვეყნის ხელისუფლებას ამ საქმესთან კავშირში ადანაშაულებენ, სინამდვილეში კი ოფიციალური ჰავანა დაქირავებული მებრძოლების უკრაინაში გაგზავნის კატეგორიული წინააღმდეგია და ამ ომში არც ერთ მხარეს არ მონაწილეობს.