კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, „პანდორას ყუთი“ გახსნა, ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებიც ისედაც ჩამოშლის პირასაა - პუტინი

ვლადიმერ პუტინი

კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, „პანდორას ყუთი“ გახსნა, ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმები ეფექტურია.

„ისინი დროულია, უდავოდ ეხმარება ჩვენს ჯარისკაცებს – ჩვენს ბიჭებს, გმირებს ფრონტზე, საბრძოლო ამოცანების შესრულებაში. რატომ? იმიტომ, რომ ისინი აფერხებენ ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, ასევე პერსონალის როტაციას საბრძოლო შეხების ხაზის გასწვრივ. ხელს უშლიან უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებს იარაღის გაუმჯობესებაში. ეს გაუმჯობესება კი ხდება დასავლელი სპონსორების არა უბრალოდ მხარდაჭერით, არამედ მათი პირდაპირი მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირი და დადებითი გავლენა აქვს სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობაზე, სამხედრო შედეგების მიღწევის თვალსაზრისით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, რუსეთმა დარტყმები უკრაინის „ავანტურაზე“ საპასუხოდ გააძლიერა.

„ჩვენ გავაძლიერეთ დარტყმები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებზე, მათ შორის კიევში მდებარე საწარმოებზე, დავიწყეთ პასუხის გაცემა მტრის მოქმედებებზე ჩვენი სამოქალაქო სამრეწველო და ლოგისტიკური ობიექტების წინააღმდეგ. კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება. რა გააკეთა მან? მან თავად გახსნა „პანდორას ყუთი“. ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ისედაც ჩამოშლის პირასაა“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, როგორც პუტინმა განაცხადა, დარტყმები, რომლებმაც უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტს საფრთხე შეუქმნა, გლობალურ სურსათის დეფიციტს არ გამოიწვევს, რადგან, მისივე თქმით, რუსეთი შეძლებს უკრაინული ექსპორტის ჩანაცვლებას, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა მიზანში რუსული მარცვლეულის საექსპორტო ინფრასტრუქტურა ამოიღო.