კანადის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც თავშესაფრის მინიჭების ზოგიერთ მოთხოვნას ზღუდავს

კანადა

კანადის მთავრობამ წარადგინა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონპროექტი. ინიციატივა ითვალისწინებს თავშესაფრის მინიჭების ზოგიერთი მოთხოვნის შეზღუდვას და ზრდის ხელისუფლების უფლებამოსილებას, შეწყვიტოს საიმიგრაციო განაცხადების განხილვა.

როგორც იმიგრაციის მინისტრმა, ლენა დიაბმა განმარტა, „ძლიერი საზღვრების აქტი“ მიმართულია ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო ნაკადის შეჩერებისკენ, ასევე ქვეყნის საიმიგრაციო სისტემის გაძლიერებისკენ.

საკანონმდებლო ინიციატივა პოლიციას მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ მოახდინონ კანადა-აშშ-ის საზღვრის მონიტორინგი.

კანონპროექტით, იმ მიგრანტებს, რომლებიც კანადაში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან, შესაძლოა, აეკრძალოთ თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენა.

ის ასევე ხელისუფლებას ანიჭებს პერსონალური ფოსტის შემოწმების უფლებამოსილებას სისხლის სამართლის გამოძიების წარმოებისთვის.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონპროექტი სამოქალაქო თავისუფლებებს არღვევს.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, მიგრანტს კანადაში შეუძლია, თავშესაფარი მოითხოვოს საზღვარზევე ან უკვე კანადაში ყოფნისას. ამასთან, არ არის შეზღუდული, კანადაში ჩასვლიდან რამდენ ხანში შეუძლიათ მათ თავშესაფრის მოთხოვნა.

 

ავტორი - ქეთი ჩოხელი