1753907905
კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის მიაღწია

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძრვის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მაუის კუნძულის ცენტრალურ-ჩრდილოეთ სანაპიროზე ტალღების სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. მოსახლეობას კვლავაც მოუწოდებენ, სანაპირო ზოლიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაინაცვლონ. ცუნამი ასევე დაფიქსირდა კუნძულ ოაჰუზეც. ამ ეტაპზე ხელისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ არ იუწყება. სტიქიის გამო, ჰავაის მიმართულებით ფრენები გაუქმებულია. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა ჰავაის პორტებიდან კომერციული გემების ევაკუაციის განკარგულება გასცა. ყველა ნავსადგური ამჟამად დახურულია.
ცოტა ხნის წინ ცუნამი ასევე დაატყდა თავს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთსაც. კერძოდ, ივატეს პრეფექტურის საპორტო ქალაქ კუძისთან ტალღების სიმაღლე 1,3 მეტრს აღწევს. იაპონიის ხელისუფლებამ წყნარ ოკეანეში სიტუაციის მონიტორინგში ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები ჩართო. სტიქიის გამო ევაკუირებული იყვნენ 2011 წლის მარტში დაზიანებული ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები. დროებით შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების ნაწილის მოძრაობაც. დაზარალებულებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
კამჩატკის სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა 30 ივლისს, ღამით მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. შედეგად დაიტბორა კურილიის კუნძულებზე მდებარე ქალაქი სევერო-კურილსკი. რუსული მედიის ცნობით, სტიქიის გამო სახალინის რეგიონში, კურილიის კუნძულების ჩრდილოეთით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. მედია ასევე ავრცელებს ცნობას, რომ მიწისძვრის შემდეგ კურილიის კუნძულებზე 2,7 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანდა შენობები. კამჩატკაზე მიწისძვრის შემდეგ ათეულობით განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში 30 ივლისს ღამით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ასევე ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც.

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1753906597