კაია კალასი ტრამპის მიერ გრენლანდიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე: მოველით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი პატივს სცემს დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

კაია კალასი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დანიასთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია მას შემდეგ, რაც გრენლანდიაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

კვირას ტრამპმა გამოაცხადა, რომ ლუიზიანას შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი გახდება აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი გრენლანდიაში, რომელიც დანიის სამეფოს ნახევრად ავტონომიური ნაწილია.

გუბერნატორმა ლენდრიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ „მოხალისეობრივ პოზიციაზე“ მუშაობა, რათა „გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს“.

აღნიშნულს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ჩვენ კვლავაც სოლიდარობას ვუცხადებთ დანიასა და გრენლანდიას“.

„გრენლანდია დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური ტერიტორიაა. ამ სტატუსში ნებისმიერი ცვლილების შეტანა მხოლოდ გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია. ჩვენ მოველით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი პატივს სცემს მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დაიცავს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც, სხვა დოკუმენტებთან ერთად, განმტკიცებულია გაეროს წესდებასა და ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში“, - განაცხადა კალასმა.