კაია კალასი ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის - „რეჟიმს აქვს საპროტესტო აქციების ჩახშობის ისტორია, ვხედავთ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ხისტ მიდგომას“

კაია კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

„ევროკავშირს უკვე დაწესებული აქვს ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები – მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ბირთვული იარაღის გავრცელებასა და თეირანის მხრიდან უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერაზე არიან პასუხისმგებელნი. მე მზად ვარ, დამატებითი სანქციების ინიციატივით გამოვიდე ირანის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტების ძალადობრივ რეპრესიებზე საპასუხოდ“, – განაცხადა კალასმა.

კალასმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველები ავრცელებენ ცნობებს, რომ ირანში 28 დეკემბრიდან მიმდინარე აქციების დროს ასობით დემონსტრანტი მოკლეს.

„რეჟიმს აქვს საპროტესტო აქციების ჩახშობის ისტორია და ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ხისტ მიდგომას. მოქალაქეები იბრძვიან ისეთი მომავლისთვის, რომელსაც თავად აირჩევენ და რისკავენ ყველაფრით, რათა მათი ხმა მოისმინონ“, – აღნიშნა კალასმა.