ჯონ რეტკლიფი ემზადება, რომ წამყვანი როლი დაიკავოს რუსეთისა და უკრაინის საკითხზე აშშ-ის მოლაპარაკებებში - „ფაინენშელ თაიმსი“

ჯონ რეტკლიფი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ემზადება, რომ წამყვანი როლი დაიკავოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, – ამ სათაურით სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი რუსეთისა და უკრაინის საკითხზე აშშ-ის მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩართვისთვის ემზადება, რის შესახებაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, ეს ცვლილება იმ ფონზე განიხილება, როდესაც თეთრი სახლი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ჩართულობის შემცირების საკითხს განიხილავს. ამასთან, რეტკლიფი ორივე ქვეყნის სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლებთან კონტაქტს შეინარჩუნებს.

თეთრმა სახლმა და CIA-მ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

„ფაინენშელ თაიმსის“ წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. საკითხთან დაახლოებული წყაროების ცნობით, უიტკოფი, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ამჟამინდელ თანამდებობას სამშვიდობო საკითხებში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებებსაც მოიცავს.

ამასთან, უიტკოფი შესაძლოა, უკრაინის საკითხშიც დარჩეს ჩართული და ამ მიმართულებით რეტკლიფთან ერთად იმუშაოს.

ცნობისთვის, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვს 25 აგვისტოს ეწვია. დასავლური მედია რეტკლიფის მოსკოვში ჩასვლის რამდენიმე შესაძლო მიზეზზე წერდა, დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოწოდებითა და ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმისგან რუსეთის გაფრთხილებით, დამთავრებული ირანთან თანამშრომლობის შემცირებისკენ მოწოდებით.

სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა 5 და 6 სექტემბერს, ერთმანეთის მიყოლებით, მოლაპარაკებები გამართეს რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან.