დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
იტალიელმა ხელოვანმა პიკასოს გარდაცვალებიდან 50 წლისთავისთვის მინდორზე მხატვრის გიგანტური პორტრეტი შექმნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნამუშევარი ვენეციიდან 80 კილომეტრში, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, 25 000 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. მისი ავტორი დარიო გამბარინია. ხელოვანის შთაგონების მთავარი წყარო ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს 1907 წლის ავტოპორტრეტია.
„მინდა, ეს უზარმაზარი პორტრეტი მივუძღვნა მას, რადგან პიკასო ერთ-ერთია იმ არტისტთაგან, ვისი დახმარებითაც მუდმივად ვვითარდები და განვაგრძობ სახელოვნებო ზრდას" , - ამბობს გამბარინი.
ცნობისთვის, მან 2013 წლის ნოემბერში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობიდან 50 წლის შემდეგ, ვერონასთან ახლოს, მინდორზე, მისი პორტრეტიც გამოსახა. თუმცა მასშტაბით პიკასოს გამოსახულება სამჯერ აღემატება ყოფილი პრეზიდენტისას. გამოსახულების შესაქმნელად დარიო გამბარინი ტრაქტორს თავადვე მართავს. ესპანელი მხატვრის პორტრეტს ის თითქმის 4 თვე ქმნიდა.
მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, კუბიზმის მიმდინარეობის დამფუძნებელი, პაბლო პიკასო, 1973 წლის 8 აპრილს, 91 წლის ასაკში, საფრანგეთში გარდაიცვალა. სიცოცხლის განმავლობაში მან 2000-ზე მეტი ნახატი და სკულპტურა შექმნა, რომელთა შორისაა "გერნიკა", "ქალი წიგნით", "ძველი გიტარისტი" და ა.შ