იტალია ხანდაზმულთა და შშმ პირთა მომვლელებისთვის დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს

მოხუცი

იტალიის მთავრობა 2025 წელს დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას იმ ადამიანებისთვის გასცემს, რომლებიც ხანდაზმულებსა და შშმ პირებს უვლიან.

როგორც „როიტერი“ იუწყება, გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ ახალი მიგრაციული პაკეტის ფარგლებში მიიღო.

როგორც სააგენტო წერს, იტალია, რომელიც მოსახლეობის გადაბერებისა და შობადობის შემცირების პრობლემის წინაშე დგას, დიდი ხანია განიცდის მომვლელების ნაკლებობას.

2023 წელს იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2023-2025 წლებში ქვეყანა 452 სამუშაო ვიზას გასცემს, ხოლო მომვლელებისთვის კი, სამუშაო ვიზების დამატებითი კვოტა იქნება გამოყოფილი.

ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მემარჯვენე მთავრობამ არალეგალური მიგრანტების შესაკავებლად გარკვეული ზომები გაატარა, თუმცა, ამავდროულად, გააფართოვა ლეგალური იმიგრაციის არხები.

ამასთან, იტალიის მთავრობის მიერ 2 ოქტომბერს დამტკიცებული განკარგულება ასევე დამატებით შეზღუდვებს უწესებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იტალიაში ხმელთაშუა ზღვის გავლით მოხვედრის მსურველ არალეგალ მიგრანტებს ეხმარებიან. კერძოდ, ის ავალდებულებს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც იყენებენ თვითმფრინავებს მიგრანტების ნავების აღმოსაჩენად, დაუყოვნებლივ აცნობონ ხელისუფლებას მათი გადაადგილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სასჯელი ემუქრებათ.

განკარგულება ასევე აწესებს უფრო მკაცრ ზომებს ვიზების გაცემის სისტემაში თაღლითობის აღმოსაფხვრელად.

2023 წელს იტალიამ გააფორმა შეთანხმება ალბანეთთან, რომლის მიხედვითაც, ალბანეთის ტერიტორიაზე მიგრანტთა დროებითი განთავსების ორი ცენტრი უნდა გაიხსნას, სადაც მიგრანტები თავშესაფრის მოთხოვნის განხილვამდე დარჩებიან.