7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისტორიაში პირველად, ქირურგებმა გულის გადანერგვის ოპერაცია სრულად რობოტის გამოყენებით ჩაატარეს. მათ ადამიანის დაზიანებული გული გულმკერდის გაუხსნელად და მკერდის ძვლის დაუზიანებლად შეცვალეს.
ეს ისტორიული პროცედურა ბეილორ სენტ ლუკის სამედიცინო ცენტრში (ჰიუსტონი) მარტის დასაწყისში ჩატარდა. პაციენტი 45 წლის კაცი იყო, რომელსაც გულის მძიმე უკმარისობა აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში 2024 წლის ნოემბერში გადაიყვანეს, გულის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად კი მრავალი მექანიკური მოწყობილობა ესაჭიროებოდა.
სტანდარტული ოპერაციისგან განსხვავებით, ექიმებმა გულმკერდის გახსნის ნაცვლად ქირურგიული რობოტი გამოიყენეს. მისი დახმარებით უფრო მარტივად შეძლეს გულ-მკერდის არეში ნავიგაცია და მცირე ზომის განაკვეთების გაკეთება. ოპერაციის შედეგად დაზიანებული გული დონორის ორგანოთი შეცვალეს, თანაც ისე, რომ მკერდის ძვლის გაკვეთა საჭირო არ გამხდარა.
ეს მიდგომა ქირურგიაში რევოლუციური ნაბიჯია, რადგან რობოტულ სიზუსტეს მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროცედურასთან აერთიანებს. ტრადიციული მიდგომის თავიდან აცილებით გუნდმა მნიშვნელოვნად შეამცირა ქირურგიული ტრავმა, სისხლის დანაკარგი და ინფექციის განვითარების რისკი.
„გულმკერდის გახსნამ და მკერდის ძვლის გაფართოებამ შეიძლება ჭრილობის შეხორცებაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს, რეაბილიტაცია შეაფერხოს და პაციენტის გამოჯანმრთელება გაახანგრძლივოს. ეს საფრთხე განსაკუთრებით გულის გადანერგვის ოპერაციის დროს ჩნდება ხოლმე", - განაცხადა დოქტორ კენეტ ლიაომ, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
მიუხედავად იმისა, რომ რობოტები ინვაზიურ პროცედურებში უკვე აქტიურად გამოიყენება, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის გულის გადანერგვის ოპერაცია მთლიანად რობოტის დახმარებით შესრულდა. როგორც წესი, ასეთ მასშტაბურ ოპერაციებში რობოტული ტექნიკის ჩარევას თავს არიდებენ ხოლმე, მაგრამ გუნდის გაბედული ნაბიჯი წარმატებით დაგვირგვინდა.
რობოტის მილიმეტრულმა სიზუსტემ ექიმებს მცირე ქირურგიული პორტების გამოყენების საშუალება მისცა, ანუ ძვლის ხერხების ან ფართო განაკვეთების საჭიროება აღარ იყო. პაციენტი ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ გაწერეს ყოველგვარი გართულებების გარეშე.
რადგან მკერდის ძვალი არ გაუკვეთიათ, პაციენტს სისხლის გადასხმა აღარ დასჭირდა; შედეგად ანტისხეულების განვითარების რისკი შემცირდა, რომლებიც ახალი გულის უარყოფას შეუწყობდა ხელს. ამის გამო ოპერაციის შემდგომ უფრო სწრაფი მობილიზაცია გახდა შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, ფილტვების ფუნქციონირებას აუმჯობესებს და რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს.
„გადანერგვის ოპერაციამ გვიჩვენა, თუ რა არის შესაძლებელი, როცა ინოვაცია და ქირურგიული გამოცდილება ერთიანდება. ჩვენი მიზანია, პაციენტებს შევთავაზოთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტიანი და ნაკლებად ინვაზიური პროცედურები, რობოტული ტექნოლოგია კი საშუალებას გვაძლევს, ეს არაჩვეულებრივი გზებით გავაკეთოთ", - თქვა ლიაომ.
ამ ოპერაციამ შეიძლება ორგანოების ტრანსპლანტაციისას ქირურგების მიდგომა მთლიანად შეცვალოს. გულის გადანერგვა ერთ-ერთ ყველაზე ინვაზიურ ოპერაციად ითვლება, რადგან ამ დროს გულმკერდის ღრუზე სრული წვდომაა საჭირო. ამის მიუხედავად, რობოტის დახმარებით პროცედურის თანამდევი რისკები შემცირდა.
რობოტიკას უკვე დიდი ხანია, კარდიოქირურგიაში დამხმარის როლს თამაშობს, თუმცა ამ მნიშვნელოვან ოპერაციას სრულად ახალ ეტაპზე გადავყავართ.