ისრაელში, ტერაქტის დროს გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა ბიჭია

ისრაელი

ისრაელში, ტერაქტის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული.

ქართველი ემიგრანტები წერენ, რომ ტერაქტს ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა, რომელიც ტურისტი იყო. ოჯახმა კი, რადგან არ იცის მის სახეს და გვარს არ ასაჯაროებენ.

"სახელს და გვარს არ ვწერ იმის გამო რომ საქართველოში ოჯახი ჰყავს დაა ჯერ არ ვიცით იქ რა იციან" "რა ბიჭი იყო, გუშინ ვნახე და დღეს აღარ არის",- წერენ ემიგრანტები. 

ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვით ძალები ავრცელებს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც შეერთებული შტატები ისრაელს სამხედრო დახმარებას ჰპირდება. თავის მხრივ, თელ-ავივი აცხადებს, რომ თეირანის თავდასხმას ისრაელის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვება.

ყველაფერი კი ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაციით დაიწყო, რომელიც ირანის პროქსი ძალების ჰეზბოლას წინააღმდეგ არის მიმართული.

სახმელეთო ოპერაციამდე, ისრაელმა ჰეზბოლას მეთაურები გაანადგურა, მათ შორის ჰასან ნასრალა, რასაც ირანის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. დღეს თეირანი აცხადებს, რომ ისრაელს უკვე გასცა სათანადო პასუხი.

განცხადება გაავრცელა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა" კორპუსმაც, სადაც ნათქვამია, რომ, ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.