ისრაელმა დაარტყა ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტს: ნატანზს, ისფაჰანსა და ფორდოს, ასევე რამდენიმე წამყვან მეცნიერს, ზიანის მასშტაბი თანდათან თვალსაჩინო ხდება - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. ისრაელი ირანის, ირანი კი ისრაელის ქალაქებს ბომბავს. რამდენიმე საათის წინ თეირანმა, თელ ავივსა და ჰაიფას კვლავ შეუტია, დანიშნულების ადგილს მხოლოდ ერთმა ბალისტიკურმა რაკეტამ მიაღწია, რომელიც ნეიტრალურ ზონაში აფეთქდა. გავრცელებული ცნობებით რკინის გუმბათი მუშაობს, მოსახლეობა თავშესაფრებში დროულად გადავიდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ ღამით აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეტევებს ახორციელებს ისრაელიც, თეირანში "ცაჰალმა" ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ოფისები დაბომბა.

ისლამური სახელმწიფოს ცნობით ისრაელის ბოლო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 45 ადამიანი მათ შორის ქალები და ბავშვები, დაღუპულია ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ორი თანამშრომელი. ასევე, წითელი ნახევარმთვარის ოფისის თანამშრომლები.

შეიარაღებული კონფლიქტის პარალელურად, "დიდი შვიდეულის" სამიტი მიმდინარეობს კანადაში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე მოვლენებია. სამიტი დროზე ადრე დატოვეს შტატების პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა, დონალდ ტრამპი და მარკო რუბიო ვაშინგტონში ბრუნდებიან.

CNN-ის ცნობით, ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების შტაბს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა. სოციალურ ქსელში კი დაწერა - "ყველამ დატოვეთ თეირანი!"

"არ მიკვირს, რომ ირანს დანებება სურს, რადგან ჩვენ მათ ძლიერად ვუტევთ. რა თქმა უნდა, მათ სურთ შეჩერება, შეჩერება ახლა და სიკვდილის მანქანის მშენებლობის გაგრძელება – ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება. ჩვენ ვალდებული ვართ ეს ორი საფრთხე აღმოვფხვრათ. ჩვენ თეირანს შანსი მივეცით, 60 დღე. ამ დროის განმავლობაში, სანამ ისინი ამერიკელებთან გარიგებაზე მუშაობდნენ, ირანის დიქტატორი აიათოლა, ისრაელის განადგურების გზებს ეძებდა.

ისრაელმა დაარტყა ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტს - ნატანზს, ისფაჰანსა და ფორდოს, ასევე რამდენიმე წამყვან მეცნიერს, რომლებიც ბირთვული კვლევა-განვითარების სფეროში იყვნენ ჩართულნი. ზიანის მასშტაბი თანდათან თვალსაჩინო ხდება. ვფიქრობ, ჩვენ ისინი ძალიან, ძალიან დიდი ხნით უკან დავწიეთ. არ შემიძლია, დეტალებზე ვისაუბრო. ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ და მას ვანადგურებთ. ჩვენ სრულ კონტროლს მივაღწიეთ – ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს. ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან ვაფასებ იმ დახმარებას, რომელსაც აშშ გვაწვდის", - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.