1758658955
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 140-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 140-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დაბომბილ სამიზნეებს შორის იყო „ჰამასის“ ობიექტები, გვირაბები, ტერორისტული დაჯგუფებების მიერ გამოყენებული შენობები და სხვა ინფრასტრუქტურა.
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხოლოდ დღეს დღის პირველ ნახევარში ღაზის სექტორში იერიშებს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც „ალჯაზირა“ წერს, დაღუპულთა შორის სულ მცირე 16 ადამიანია, რომლებიც დახმარების მოთხოვნის დროს დაიღუპნენ.
მედიის ინფორმაციით, ისრაელის ტანკები და ჯარები ქალაქ ღაზის ცენტრისკენ წინსვლას განაგრძობენ, რაც „ჰამასის“ უკანასკნელი დასაყრდენია.
ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში ისრაელის სამხედროებმა ქალაქ ღაზის მცხოვრებლებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს მიმართეს, ქალაქი დაეტოვებინათ და სექტორის სამხრეთ ნაწილში გადასულიყვნენ. იმ დროისთვის ქალაქში დაახლოებით მილიონი ადამიანი იმყოფებოდა.