ისრაელის თავდაცვის ძალები: ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ლიკვიდირებულია

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი

ირანელი მაღალი რანგის გენერალი, რომელიც ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი ირანზე ისრაელის მიერ განხორციელებული პირველი დარტყმების დროს დაიღუპა, საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალ-მაიორი ალი შადმანი დაახლოებით ოთხი დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხათამ-ალ-ანბიას ცენტრალურ შტაბს. შადმანი ამ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი გოლამ ალი რაშიდი შეცვალა, რომელიც პარასკევს ირანზე ისრაელის პირველი დარტყმების დროს დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, შადმანი იყო ირანის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო მეთაური და ირანის უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან ყველაზე დაახლოებულ სამხედრო ფიგურად მიიჩნეოდა.

სამხედროების თქმით, შადმანის მეთაურობით, ხათამ-ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინა „პასუხისმგებელი იყო საბრძოლო ოპერაციების მართვასა და ირანის თავდასხმის გეგმების დამტკიცებაზე“.

„მეორედ ხუთი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ომის პერიოდში მოქმედი შტაბის უფროსი, რეჟიმის უმაღლესი სამხედრო მეთაური გაანადგურა. ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, თეირანის ცენტრში, ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად, მოკლულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი და ხამენეის უახლოესი სამხედრო მრჩეველი, ალი შადმანი“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.