ისრაელის პრეზიდენტის შვეულმფრენმა ფრინველებთან შეჯახების გამო ავარიული დაშვება განახორციელა

იცხაკ ჰერცოგი

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის სამხედრო შვეულმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. ისრაელის თავდაცვითი ძალების ინფორმაციით, ინციდენტი ფრენის დროს ფრინველების გუნდთან შეჯახების შედეგად მოხდა.

ფრენის დროს მომხდარი შეჯახების შემდეგ, პილოტმა გადაწყვიტა დაშვება პალმახიმის ავიაბაზაზე განეხორციელებინა.

სამხედროების განცხადებით, ინციდენტს არ მოჰყოლია დაზიანებები ან რაიმე სახის მსხვერპლი. პრეზიდენტი და ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ გადაიყვანეს სხვა შვეულმფრენში, რის შემდეგაც მათ ფრენა დაგეგმილი მარშრუტით განაგრძეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, დაზიანებული შვეულმფრენი უკვე გადაეცა საჰაერო ძალების ტექნიკურ პერსონალს, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს მისი შეკეთება და ოპერატიულ სამსახურში დაბრუნება. ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია დამატებითი მოკვლევა.