გაიცანით გმირი ტყიბულიდან, რომელმაც ლისის ტბაზე ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

გმირი

გმირი ტყიბულიდან, რომელმაც ლისის ტბაზე ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა, 23 წლის თემო კუბლაშვილია. 

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„გმირი ბიჭი ტყიბულიდან, რომელმაც 2 დღის წინ, თბილისში, ლისის ტბაზე ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა, 23 წლის თემო კუბლაშვილია. ის თბილისში ქირით ცხოვრობს და რესტორანში მუშაობს. მშრომელი და უკეთილშობილესი მშობლების აღზრდილი.

საკუთარ გმირობაზე და ადამიანობაზე საუბარი უჭირს. ასეა, „გმირობა ხმაურით არ მოდის - ის ჩუმად კეთდება და ხშირად თავად გმირსაც არ ესმის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეცვალა უკეთესობისკენ!...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ტყიბულელი გმირის შესახებ „ფეისბუქზე“ ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა და მომხდარის შესახებ საზოგადოებას უამბო. 

„ლისის ტბაზე ახალგაზრდა იხრჩობოდა გუშინწინ… ღამის 11 საათზე…ამ დროს ბევრი ხალხია ხოლმე ლისზე! ბავშვს გადაუვარდა ბურთი და ეს ახალგაზრდა გაჰყვა გამოსატანად… ვერ მოიგდო ბურთი ხელში, შეჰყვა შუა ტბამდე და …იქ გამოეცალა ძალა…

წყალნაყლაპი ხმით ხრიალებდა მიშველეთო!

თავიდან ხუმრობა ეგონათ, მერე ატყდა ერთი ამბავი, გამოიძახეს პოლიცია, მაშველები, სასწრაფო…. და ისინიც მყისიერად ხომ ვერ მოვიდოდნენ …

მოკლედ— გამოვარდა ერთი ტყიბულელი მიმტანი ბიჭი (თემო), გზადაგზა იხდიდა ტანსაცმელს, გადაეშვა ამ სიბნელეში - შავ, პირქუშ წყალში...

არაფერი არ ჩანდა… სიბნელეში თეთრი ბურთით მიაგნო ნახევრად გონდაკარგულ ახალგაზრდა კაცს, მიცურა და ძლივს გამოათრია ნაპირზე…

ეცნენ ექიმები და გააქანეს საავადმყოფოში მოსასულიერებლად, ერთი დღე-ღამე იქ ჰყავდათ და გადაარჩინეს….
ეს ტყიბულელი გმირი კარგა ხანს იჯდა ნაპირზე, ისე დაღლილი იყო…. ვერ დგებოდა…

მეორე დღეს, რომ მომიყვნენ, მე ცურვის არმცოდნე სუბიექტმა, რამით რომ მიმეღო მონაწილეობა ჩემი მოკლე ჭკუით-ფული შევთავაზე პრემიის სახით… არაფრით არ გამომართვა! არაფრით!

ყოველ დილით დავდივარ ლისზე უკვე 16 წელია… ვზივარ ახლა კაფეში , “ინტელიგენცია” რომ ჰქვია, გერმანელები მყავს სტუმრად,დ ა ვუყურებ ამ ტყიბულელ მიმტანს ბიჭს… მუშაობს ჩვეულებრივად... გარეთ წვიმს… ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ყოველ დილით… თითქოს არაფერი არ მომხდარა… ვეხუმრები, სალნიკოვს ვეძახი მეტსახელად…  

თვალებგაფართოებული მისმენენ გერმანელები, რომ ვუყვები და მასზე მივუთითებ…

ვუყურებ ამ ბიჭს და ვფიქრობ - რა კარგია, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ეს ცხოვრების სურვილს და სტიმულს გმატებს ადამიანს… მადლობა შენ ტყიბულელო ბიჭო, რომ მაგრძნობინე ცხოვრების ხალისი!

4 მეტრი ყოფილა ლისის ტბის სიღრმე… ღამე საშიში შესახედავია! შავი! არადა, რა ლამაზია დილით…“.