ისრაელი ლიბანთან ომს თუ განაახლებს, მათი მიმართულებით რაკეტებს გავუშვებთ - „ჰეზბოლას“ ლიდერი

ნაიმ ქასემი

ისრაელი ლიბანთან ომს თუ განაახლებს, ისრაელისკენ რაკეტებს გავუშვებთ, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ქასემმა განაცხადა.

როგორც ქასემმა აღნიშნა, თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ „ფართომასშტაბიან აგრესიას“ განახორციელებს, „ჰეზბოლა“, ლიბანის არმია და ლიბანელი ხალხი თავს დაიცავენ.

„ეს თავდაცვა გამოიწვევს რაკეტების ისრაელის ტერიტორიისკენ გაშვებას და მთელი უსაფრთხოება, რომელიც მათ რვა თვის განმავლობაში ააშენეს, ერთ საათში ჩამოინგრევა“, – აღნიშნა ქასემმა.

ამასთან, „ჰეზბოლას“ ლიდერმა დანაკარგების შესახებ ოფიციალური მონაცემები პირველად გაავრცელა. მისი თქმით, ომში დაიღუპა „ჰეზბოლას“ 5 000 მებრძოლი და დაშავდა 13 000. როგორც ნაიმ ქასემმა აღნიშნა, მიუხედავად ამისა, „ჰეზბოლა“ კარგ მდგომარეობაში რჩება და მებრძოლები მზად არიან „ყველაზე მძიმე მსხვერპლის“ გაღებისთვის, თუ ეს საჭირო გახდება.