1726776957
ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმების გამო, ამსტერდამში სამი დღით დემონსტრაციები აიკრძალა
ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმების გამო, ამსტერდამში სამი დღის განმავლობაში დემონსტრაციების გამართვა აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ამსტერდამის მერმა, ფემკე ჰალსემამ განაცხადა, რომ „მაკაბის“ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფეიერვერკი ესროლეს, მათ დასაცავად და სასტუმროში მისაყვანად კი სპეცრაზმი ჩაერია.
მედიის ცნობით, ამსტერდამში დემონსტრაციების აკრძალვასთან ერთად, პოლიციას მიეცა საგანგებო ვითარებაში გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება არეულობის საპასუხოდ.
„როიტერის“ ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს სპეცრაზმის მოქმედება, ასევე ზოგიერთი თავდამსხმელი ყვიროდა ისრაელის საწინააღმდეგო შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ზოგიერთ ვიდეომასალაში ასევე ნაჩვენებია „მაკაბის“ მხარდამჭერები, რომლებიც სკანდირებდნენ ანტიარაბულ ლოზუნგებს საფეხბურთო მატჩის წინ.
ნიდერლანდების მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილეები გამოვლინდებიან და დაისჯებიან.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ამსტერდამში ჩასულ ისრაელელ ქომაგებს თამაშის დასრულების შემდეგ თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი. თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი კი 62-მდე გაიზარდა.