1768559869
ირანთან მიმდინარე დაძაბულობასთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაცია სამხედროზე მეტად დიპლომატიურ გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას - სტივ უიტკოფი
ირანთან მიმდინარე დაძაბულობასთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაცია სამხედრო გადაწყვეტაზე მეტად დიპლომატიურ გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.
ფლორიდაში, ისრაელ-ამერიკის საბჭოს კონფერენციაზე უიტკოფს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო დარტყმა სავარაუდოა, რაზეც სტივ უიტკოფმა უპასუხა: „იმედი მაქვს, დიპლომატიური გადაწყვეტა იქნება“.
უიტკოფის განცხადებით, ირანთან დიპლომატიური შეთანხმება ოთხ საკითხს გადაჭრის. ესენია:
„ბირთვული გამდიდრება; რაკეტები – მათ უნდა შეამცირონ თავიანთი მარაგი; მათ მიერ არსებული ბირთვული მასალა, რომელიც დაახლოებით 2 000 კილოგრამია, გამდიდრებული 3.67%-დან 60%-მდე; მარიონეტები“.
უიტკოფი ვარაუდობს, რომ ირანი შესაძლოა, მზად იყოს, ოთხივე საკითხზე კომპრომისზე წავიდეს, რადგან მისი ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია.
„მათ ერთა ლიგაში დაბრუნება თუ სურთ, ჩვენ შეგვიძლია, ეს ოთხი პრობლემა დიპლომატიური გზით მოვაგვაროთ. მაშინ ეს შესანიშნავი გადაწყვეტა იქნებოდა. ალტერნატივა ცუდია“, – აღნიშნა უიტკოფმა.












