ირანმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ისევ დაარტყა

ახლო აღმოსავლეთი

ქუვეითისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 8 მარტს ირანული რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს. ინფორმაციას AFP ამ ქვეყნების ხელისუფლების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქუვეითის დედაქალაქში, დრონით თავდასხმის შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა ცათამბჯენს, სადაც ქვეყნის სოციალური დაზღვევის სამსახურის მთავარი ოფისი მდებარეობს. მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2 მეხანძრე „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“ დაიღუპა, თუმცა მათი გარდაცვალების გარემოებები არ დაზუსტებულა.

ბაჰრეინის ხელისუფლების განცხადებით, ჩამოგდებული ირანული რაკეტების ნამსხვრევების დაცემის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ფრაგმენტებმა ასევე დააზიანა უნივერსიტეტის შენობა.

ირანის სამხედროებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გარდა ამისა, ისრაელზე თავდასხმა განხორციელდა ლიბანის მხრიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატებითაც.

თავის მხრივ, ისრაელის სამხედროებმა დაარტყეს თეირანსა და მის შემოგარენში მდებარე საწვავის საცავების რამდენიმე კომპლექსს, რომლებსაც ირანის შეიარაღებული ძალები იყენებენ.