ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანი მადლიერია ეგვიპტეში სამიტზე მიწვევისთვის, თუმცა არ შეგვიძლია ურთიერთობა იმ კოლეგებთან, რომლებიც თავს დაესხნენ ირანელ ხალხს და აგრძელებენ სანქციების დაწესებას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ მიიწვია ირანის წარმომადგენლები ეგვიპტეში დაგეგმილ სამიტზე, თუმცა არც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და არც პრეზიდენტი არ დაესწრებიან საერთაშორისო შეხვედრას.

არაღჩი შეუძლებელს უწოდებს იმ ლიდერებთან ურთიერთობას, რომლებიც „თავს დაესხნენ ირანელ ხალს და სანქციებს უწესებენ თეირანს“.

„ირანი მადლიერია პრეზიდენტ ელ-სისის შარმ ალ-შეიხის სამიტზე დასწრების მიწვევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიურ ჩართულობას ვემხრობით, არც პრეზიდენტ ფეზეშქიანს და არც მე არ შეგვიძლია ურთიერთობა იმ კოლეგებთან, რომლებიც თავს დაესხნენ ირანელ ხალხს და აგრძელებენ ჩვენ მიმართ მუქარას, სანქციების დაწესებას“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.

ამასთან, მისი თქმით, ირანი მიესალმება სამშვიდობო ინიციატივას.

„ირანი მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაასრულებს ისრაელის გენოციდს ღაზაში და უზრუნველყოფს საოკუპაციო ძალების განდევნას. პალესტინელებს სრული უფლება აქვთ, განახორციელონ თვითგამორკვევის ფუნდამენტური უფლება და ყველა სახელმწიფო ვალდებულია, როგორც არასდროს, დაეხმაროს მათ კანონიერ და ლეგიტიმურ საქმეში. ირანი ყოველთვის იყო და ყოველთვის დარჩება მშვიდობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ძალად რეგიონში. ისრაელის გენოციდური რეჟიმისგან განსხვავებით, ირანი არ ისწრაფვის მარადიული ომებისკენ – განსაკუთრებით თავისი ე.წ. მოკავშირეების ხარჯზე – არამედ ისწრაფვის მარადიული მშვიდობისკენ, კეთილდღეობისა და თანამშრომლობისკენ“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.