ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-თან მოლაპარაკებებზე: თუ არ იქნება წამოყენებული არაგონივრული, არარეალისტური და არაპრაქტიკული მოთხოვნები, შეთანხმება შესაძლებელია

აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა სერიოზულობა გამოავლინა ომანში გამართული მოლაპარაკებების პირველ რაუნდში.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რომში შაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ აშშ არ წამოაყენებს არარეალურ მოთხოვნებს.

„ამერიკელების მზაობამ, ჩაერთონ სერიოზულ მოლაპარაკებებში, რომლებიც მხოლოდ ბირთვულ საკითხს ეხება, სხვა საკითხებში ჩარევის გარეშე, შეიძლება მიგვიყვანოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებამდე“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.

„როგორც ადრე ვთქვი, თუკი არ იქნება წამოყენებული არაგონივრული, არარეალისტური და არაპრაქტიკული მოთხოვნები, შეთანხმება შესაძლებელია“, - დასძინა მან.