1750577424
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო აცხადებს, რომ მათი ბირთვული ინდუსტრია არ გაჩერდება

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო გმობს აშშ-ის დარტყმებს ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე და აცხადებს, რომ მისი ბირთვული ინდუსტრია არ გაჩერდება. სააგენტოს განცხადებას ირანული მედია ავრცელებს.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ადასტურებს, რომ გამთენიისას მის ძირითად სამ ბირთვულ ობიექტზე – ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანზე სასტიკი თავდასხმა განხორციელდა. სააგენტო დარტყმებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას უწოდებს, კერძოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების. ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამონაწილეობაში სდებს ბრალს.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ირანს და დაგმოს აშშ-ის იერიშები. სააგენტოს განცხადებით, არასდროს დაუშვებენ, რომ ირანის ეროვნული ბირთვული ინდუსტრიის პროგრესი შეწყდეს.