ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პრობლემები გადაწყდება საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა AzTV ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ცნობისთვის, ირანის ლიდერი დღეს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ჩადის.
„პირველი ნაბიჯი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული მხარე დაკმაყოფილდეს არსებულით და არ გამოთქვას პრეტენზია სხვისი მიწის მიმართ. კონფლიქტი ჩნდება, როდესაც ერთი მხარე მეორის მიწის დაკავებას ცდილობს. ჩვენი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა მათი უფლება და პრივილეგიაა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამას. იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადაწყდება საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით აზერბაიჯანის უფლებებს, და ჩვენ ასევე ვიცავთ სომხეთის უფლებებს მისი საკუთარის ფარგლებში. ჩვენ ვცდილობთ, ორივე მხარემ იცხოვროს მშვიდობიანად და გვერდიგვერდ კეთილმეზობლობის პრინციპების საფუძველზე“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია, შეასრულოს დამაკავშირებელი როლი ირანსა და რუსეთს შორის ასტარა-ასტარას რკინიგზის მეშვეობით. მისივე თქმით, ასტარა-ასტარასა და ასტარა-რეშტის სარკინიგზო პროექტებს შეუძლიათ, გააძლიერონ სავაჭრო კავშირები ირანსა და აზერბაიჯანს შორის.
„ამ პროექტების წყალობით აზერბაიჯანს შეუძლია, შეასრულოს ხიდის როლი ირანსა და რუსეთს შორის. აზერბაიჯანს ასევე შეუძლია, განახორციელოს ტრანსპორტირება სპარსეთის ყურეში ირანის გავლით. სწორედ ამიტომ ირანი დღეს თავის წვლილს შეიტანს ამ სფეროში. ჩვენი შეხვედრის დროს პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ასევე გავმართავთ მოლაპარაკებებს ამ სფეროს შემდგომი გამარტივების პროექტების განხორციელების შესახებ“, – თქვა ირანის ლიდერმა.
ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გრძელდება სამუშაოები აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახჭევანს შორის კავშირის უზრუნველსაყოფად ირანის გავლით.
„ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ უზრუნველვყოთ სახმელეთო კავშირი აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახჭევანს შორის. დღეს ეს პროექტი ხორციელდება ძალიან სწრაფი ტემპებით. ეს უკვე შეთანხმებულია და არ არსებობს რაიმე პრობლემები ირანის მიწებსა და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახჭევანს შორის სახმელეთო კავშირის დამყარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიჩნევთ ირანს აზერბაიჯანელების მეორე სამშობლოდ“, – განაცხადა ირანის ლიდერმა.
ამავე ინტერვიუში ირანის ლიდერმა თქვა, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შეუძლია, ურთიერთსასარგებლოდ ითანამშრომლონ „მწვანე“ ენერგეტიკის სფეროში.
„ჩვენ გვაქვს მდინარე არაზი, რომელიც გამოდეგბა „მწვანე“ ენერგიის წარმოებისთვის. იქ აშენებულია კაშხლები და ზოგიერთი კიდევ შენდება. ამ კაშხლებიდან შესაძლებელია „მწვანე“ ენერგიის მიღება. ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ამ სფეროში, რაც ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო იქნება. უდავოდ, ეს თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს მზისა და ქარის ენერგეტიკის სფეროსაც“, – განაცხადა პეზეშკიანმა.