ილჰამ ალიევი - ყარაბაღში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამჟამად 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და განათლებას იღებს

ილჰამ ალიევი

ყარაბაღში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამჟამად 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და განათლებას იღებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ყარაბაღის რეგიონის ქალაქ ხანქენდიში, „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

ალიევის თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანის მიწებზე მილიონზე მეტი ნაღმი დატოვა და ომიდან დღემდე, ნაღმების აფეთქებების შედეგად აზერბაიჯანის დაახლოებით 400 მცხოვრები დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღში დიდი დაბრუნების პროგრამა ხორციელდება.

„დღეისთვის ჩვენ უზრუნველვყავით ყოფილი იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება 16 ქალაქსა და სოფელში. ამჟამად, 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და იღებს განათლებას განთავისუფლებულ ტერიტორიებზე. ამჟამად, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში მასშტაბური სამშენებლო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ სომხეთისა და მის უკან მდგომი სახელმწიფოებისთვის, რომ სომხეთი ნებაყოფლობით თუ არ დატოვებდა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენ სამხედრო საშუალებებით აღვადგენდით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. სამწუხაროდ, სომხეთმა და მისმა მფარველებმა ჩვენი გაფრთხილება სერიოზულად არ მიიღეს და საბოლოოდ ინანეს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.