იაპონიის პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აფეთქების მოწყობაში ბრალდებული დააკავეს

იაპონია

დაკავებულია პირი, რომელიც იაპონიის პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას აფეთქების მოწყობაში ბრალდებული. ფუმიო კიშიდას ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილზე აფეთქების მსგავსი ხმა გაისმა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ მამაკაცი კიშიდას მიმართულებით საგანს ისვრის, რასაც მოჰყვა კვამლი და აფეთქების ხმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მამაკაცმა საკვამლე ბომბი ისროლა.

პოლიციის ცნობით, დაკავებული დაკითხვაზეა გადაყვანილი, თუმცა მეტ დეტალზე ჯერ არ საუბრობენ. შემთხვევა ქალაქ ვაკაიამაში მოხდა, სადაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა, პარლამენტის ქვედა პალატის შუალედური არჩევნების კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ხვდებოდა. ვითარების განმუხტვის შემდეგ, იაპონიის პრემიერმა შეხვედრა განაგრძო.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე გასული წლის ივლისში საარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.