ჰააგა ითხოვს, ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვან და ქალაქს 2023 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი აირის „გაზპრომისგან“ შეძენის უფლება მისცენ

ჰააგა

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქი ჰააგა ითხოვს, რომ ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვან და ქალაქს 2023 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი აირის „გაზპრომისგან“ შეძენის უფლება მისცენ.

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები წევრი ქვეყნების მთავრობებსა და საჯარო სამსახურებს ავალდებულებს, რუსულ კომპანიებთან დადებული კონტრაქტები 10 ოქტომბრამდე გააუქმონ.

„როიტერის“ ცნობით, ეს ნიშნავს, რომ ჰააგის მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის ახალი მიმწოდებლის პოვნა უწევს. როგორც მერიაში განაცხადეს, მათ ჩაატარეს ტენდერი ივნისში და ივლისში, თუმცა პოტენციური მიმწოდებელი არ გამოჩნდა.

ჰააგის საკრებულოში განაცხადეს, რომ ბუნებრივი აირის ახალი მიმწოდებლების პოვნა ინდივიდუალური მოლაპარაკებების გზით მოხერხდება, თუმცა სავარაუდოდ არა 10 ოქტომბრამდე.

„ჩვენ ვითხოვთ სანქციებიდან გამონაკლისის დაშვებას 2023 წლის პირველ იანვრამდე”, – განაცხადეს ჰააგის საკრებულოში.

„როიტერის“ ცნობით, ჰააგა არ არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი ნიდერლანდებში, რომელსაც რუსულ გაზპრომთან კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა ის პირველია, რომელმაც სანქციებიდან გამონაკლისი მოითხოვა.