17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1765913074
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსურად სირთულეებს აწყდება და ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჰააგაში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ შუფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„გვაქვს ფინანსური გამოწვევები. უკრაინისთვის ეს ნამდვილად არ არის მარტივი. თქვენ ხედავთ, როგორ ვმუშაობთ მოლაპარაკებების პროცესში. ყველა არ არის კმაყოფილი გაყინული აქტივების გამოყენების ფორმატით. დღეს გაყინულმა აქტივებმა შეიძლება, დააბალანსოს გარკვეული ხარისხით ზოგიერთი ქვეყნის მხარდაჭერის შემცირება. მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ძლიერი დავრჩეთ ამ მხარდაჭერის გარეშე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მაიამიში განახლდება.
„მაიამიში მე არ ვიქნები, იქ მომლაპარაკებელი გუნდები იქნებიან, მათ შორის შეერთებული შტატების, რომელთაც ექნებათ უკუკავშირი რუსებისგან. ისინი ისაუბრებენ რამდენიმე დოკუმენტზე, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებზე, ეკონომიკურ აღდგენასა და 20-პუნქტიან შეთანხმებაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.