1749064311
„გრინფისის“ აქტივისტებმა გრევენის მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და პროტესტის ნიშნად რუსეთის საელჩოს წინ დადგეს

„გრინფისის“ აქტივისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტის ცვილის ფიგურა მოიპარეს და პროტესტის ნიშნად რუსეთის საელჩოს წინ დადგეს. ამის შესახებ „ლე ფიგარო“ წერს.
ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა საფრანგეთში გრევენის მუზეუმში იყო განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, 2 ივნისს მუზეუმში სამი პირი შევიდა, როგორც დამთვალიერებელი, შემდეგ მუზეუმის თანამშრომლის ფორმები ჩაიცვეს, მაკრონის ცვილის ფიგურა ეგრეთ წოდებულ პლედში გაახვიეს და ისე მოიპარეს. მათ შენობის დატოვება სათადარიგო გასასვლელიდან შეძლეს.
„გრინფისი“ საფრანგეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს იმ კომპანიებისთვის ხელშეწყობაში, რომლებიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას განაგრძობენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც კი. აქტივისტების ინფორმაციით, კომპანიები ყიდულობენ ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობენ კლიმატის შეცვლასაც.
„ჩვენთვის საფრანგეთი ორმაგ თამაშს თამაშობს. ემანუელ მაკრონი გამოხატავს ამ ორმაგ კურსს: მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მოუწოდებს ფრანგულ კომპანიებს, გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან“, – განაცხადა „გრინფისის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.
მაკრონის ცვილის ფიგურა რუსეთის საელჩოს ტერიტორიიდან უკვე აიღეს.