გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი: ისტორიას მნიშვნელობა აქვს, აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დროს გრენლანდიის სუვერენიტეტი დაიცვა, რაც დანიამ ვერ შეძლო

ჯეფ ლენდრი

გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეფ ლენდრის განცხადებით, დანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის კუნძული დაიპყრო, რომელზე კონტროლის დამყარებასაც ახლა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცდილობს.

ამასთან, მისივე თქმით, აშშ-მა დაიცვა გრენლანდიის სუვერენიტეტი მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც დანიას ამის გაკეთება არ შეეძლო.

„ისტორიას მნიშვნელობა აქვს. შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გრენლანდიის სუვერენიტეტი დაიცვა მაშინ, როცა დანიამ ამის გაკეთება ვერ შეეძლო. ომის შემდეგ დანიამ გაერო-ს პროტოკოლის გვერდის ავლითა და უგულებელყოფით, ის ხელახლა დაიპყრო. ეს სტუმართმოყვარეობაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მტრობაზე. ეს სტუმართმოყვარეობას უნდა ეხებოდეს და არა მტრობას,“ – წერს ჯეფ ლენდრი სოციალურ ქსელ X-ზე.

გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს შეერთებულ შტატებში დანიის ელჩი, იესპერ მოლერ სორენსენი. მისი თქმით, გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილი საუკუნეების განმავლობაში იყო და ეს საერთაშორისო დონეზე, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაციებმა და გაერო-მაც არაერთხელ აღიარეს.

„მხოლოდ გრენლანდიელ ხალხს შეუძლია, საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს. გრენლანდიის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სამეფოს შემადგენლობაში მისი თვითმმართველობის სტატუსს მხარი დაუჭირა. ამ კვირაში გრენლანდიის პარლამენტში ხუთივე პარტიამ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ არ სურთ აშშ-ის ნაწილი გახდნენ“, – წერს იესპერ მოლერ სორენსენი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ დანია ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იდგა და „ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე, იმაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე ნატო-ს ნებისმიერმა სხვა მოკავშირემ“.