გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია - ტრამპის მომავალი მრჩეველი

 მაიკ უოლცი

გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.

„საუბარია ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ცდილობს არქტიკის მეფე გახდეს, 60-ზე მეტი ყინულმჭრელით, ზოგიერთი მათგანი ბირთვულია. ჩვენ ორი გვყავს და ერთს ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუჩნდა. ყინულმჭრელებს ჩინელებიც იყენებენ და იმავე მიმართულებით მოძრაობენ. ასე რომ, საქმე ნავთობსა და გაზს ეხება. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებაა“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.

„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.