ღაზის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში, სულ მცირე, 70 937 პალესტინელი დაიღუპა, 171 000-ზე მეტი კი დაშავდა

ღაზის სექტორი

დაჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში, სულ მცირე, 70 937 პალესტინელი დაიღუპა, 171 000-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მას შემდეგ რაც ოქტომბერში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა ამოქმედდა დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმებს ოქტომბრიდან დღემდე სულ მცირე 405 ადამიანი ემსხვერპლა, 1 115 კი დაშავდა.

ამასთან, დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მართულმა მედიასაშუალებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზავის ძალაში შესვლიდან ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 875-ჯერ დაარღვია.

მათივე ცნობით, ისრაელი ასევე აფერხებს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას და 73-დღიანი პერიოდის განმავლობაში ღაზაში მხოლოდ 17 819 სატვირთო მანქანა შევიდა, შეთანხმებით გათვალისწინებული 43 800-ის ნაცვლად.