გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა შეიძლება დათანხმდეს დათმობებს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება უსაფრთხოების საიმედო გარანტიები

იოჰან ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება დათანხმდეს დათმობებს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება უსაფრთხოების საიმედო გარანტიები დასავლელი მოკავშირეებისგან.

მან ხაზი გაუსვა უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მნიშვნელობას, პირველ რიგში, აშშ-ის მხრიდან.

„ეს ნიშნავს ვალდებულებებსა და იმ მხარეების რეალურ მზაობას, რომლებიც პირობას დებენ, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას, თუ მასზე რუსეთი კვლავ განახორციელებს თავდასხმას“, - განაცხადა მან.

გერმანელი მინისტრის მოსაზრებით, უკრაინა შეიძლება წავიდეს დათმობებზე, კერძოდ ტერიტორიულ დათმობებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ თან ახლავს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები აშშ-ისა და ევროპისგან.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ეს გარანტიები, ვადეფულმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად მას შემდეგ განიხილება, რაც უკრაინაში ცეცხლი შეწყდება და გამოიკვეთება, რომ რუსეთი მართლაც მზად არის მშვიდობაზე სერიოზულად იფიქროს.

მან დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას აჩვენებს, ეს არ ნიშნავს მშვიდობისთვის რეალურ მზაობას.