გერმანიის საარჩევნო ორგანოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნების მოკლე დროში გამართვა რისკის შემცველია, რადგან მსოფლიოში დიდი გამოწვევაა ქაღალდის შეძენა და ბეჭდვის შეკვეთების შესრულება

შოლცი

გერმანიის საარჩევნო ორგანოს ხელმძღვანელი რუთ ბრანდი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდებს, არ იჩქაროს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და მაქსიმალურად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები. როგორც ის შოლცისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, ეს რისკის შემცველი იქნება საორგანიზაციო საკითხების გათვალისწინებით.

წერილის სათაურია „2025 წლის იანვარში ან თებერვალში ვადამდელი არჩევნების გამართვის გამოწვევები და რისკები“. პოტენციურ გამოწვევებს შორის გერმანიის ფედერალური საარჩევნო ორგანოს ხელმძღვანელი ასახელებს ბიულეტენებისთვის ქაღალდის შესყიდვასა და ბეჭდური მომსახურების კონტრაქტების გაფორმებას, ასევე უსაფრთხოების სპეციალური ზომების მიღების საჭიროებას მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების გათვალისწინებით.

მისი აზრით, არსებობს დემოკრატიისა და არჩევნების სამართლიანობისადმი ნდობის დარღვევის მაღალი რისკი.

„ვინაიდან არჩევნების სათანადო მომზადება და ორგანიზება არსებითია დემოკრატიისადმი მოქალაქეთა ნდობისთვის, აუცილებელია, რომ სრულად გამოყენებული იყოს გერმანიის ბუნდესტაგის დათხოვნის შემდეგ გათვალისწინებული 60-დღიანი პერიოდი, რათა შესაძლებელი იყოს ყველა აუცილებელი ზომის მიღება სამართლებრივად უსაფრთხო და დროული გზით“, – აღნიშნავს ბრანდი.

როგორც წერილშია აღნიშნული, თუ თარიღები დაემთხვევა საშობაო პერიოდს, ისედაც მოკლე 60-დღიანი პერიოდი კიდევ უფრო შემცირდება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი რისკები ყველა დონეზე.

ამასთან, რუთ ბრანდმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ დღევანდელ მსოფლიოში დიდი გამოწვევაა ქაღალდის შეძენა და ბეჭდვის შეკვეთების შესრულება.