გერმანიის პროკურატურამ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა

მაგდებურგი

გერმანიის პროკურატურამ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა.

გამოძიების თანახმად, თავდასხმის მოტივი სავარაუდოდ, უკავშირდება „საუდის არაბეთიდან ჩამოსული ლტოლვილების მიმართ მოპყრობით უკმაყოფილებას გერმანიაში“.

ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაღუპული ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთი ცხრა წლის ბავშვია. დანარჩენი ოთხი მსხვერპლი ზრდასრულები არიან.

პროკურორ ჰორსტ ვალტერ ნოპენსის განცხადებით, ეჭვმიტანილს ბრალს წაუყენებენ ხუთი ადამიანის მკვლელობისა და ათობით ადამიანის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. პროკურორმა აღნიშნა, რომ თავდასხმაზე გამოძიება გრძელდება. ეჭვმიტანილის დაკითხვა მიმდინარეობს, რასაც სასამართლო პროცესი მოჰყვება.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ჩაუტარდა „ფიზიკური და ფსიქიკური“ გამოკვლევები. „შედეგები ჯერ არ გვაქვს, ყველაფერი კვლავ გამოძიების პროცესშია“, – განაცხადეს პოლიციაში.