გერმანიის კანცლერს მოუწოდებენ, ქვეყანაში შაურმების ფასი დაარეგულიროს

შაურმა

გერმანიის კანცლერს მოუწოდებენ, შაურმების ფასი დაარეგულიროს. როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, გერმანიის მოქალაქეები სულ უფრო მეტად არიან უკმაყოფილო სწრაფი კვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საჭმელის გაძვირებით.

გერმანიის კანცლერს შაურმების ფასის მატების შესახებ იმდენად ხშირად ეკითხებიან, რომ მთავრობამ სოციალური მედიით სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს განუმარტა, რომ შაურმის გაძვირება ნაწილობრივ ხელფასების ზრდას და ენერგომატარებლების ფასის მატებას უკავშირდება.

ამ ფონზე გერმანელი მემარცხენე პარტიის წევრები გამოდიან ინიციატივით, რომ შაურმებზე ზღვრული ფასი დაწესდეს. შესაბამისი ინიციატივით პარტია პარლამენტისთვის მიმართვას აპირებს.

როგორც მემარცხენეები ამბობენ, გერმანიაში შაურმის ფასი ორი წლის წინ 4 ევრო იყო, ხოლო წელს ის 10 ევროა. მათი ინიციატივით, შაურმის ზღვრული ფასი 4,90 ევრო უნდა იყოს, ხოლო ახალგაზრდებისა და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის 2,90 ევრო უნდა ღირდეს. მათივე რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებს შაურმის შესაძენად ვაუჩერები გადაეცეს.

„გარდიანის“ ცნობით, შაურმის გაყიდვები გერმანიაში წელიწადში დაახლოებით 7 მილიარდ ევროს აღწევს. ყოველ წელს ქვეყანაში 1,3 მილიარდი შაურმა იყიდება. მემარცხენეთა გათვლით, შაურმის ფასების სახელმწიფო სუბსიდიით დარეგულირება გერმანიას წელიწადში 4 მილიარდი ევრო დაუჯდება.

როგორც „გარდიანი“ წერს, გერმანიის კანცლერი ფასების დარეგულირების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ასეთი მიდგომა თავისუფალი ბაზრის პირობებში არ იმუშავებს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში ზოგიერთი ახალ კანცლერად ანგელა მერკელის დაბრუნებას ითხოვს, რადგან „ის შაურმის ფასს კარგად აკონტროლებდა“.