გერმანიაში უბილეთო მგზავრის თავდასხმას კონტროლიორი ემსხვერპლა

გერმანია

გერმანიაში, კაიზერსლაუტერნთან ახლოს, მატარებლის 36 წლის კონტროლიორი ფიზიკური თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ექიმების განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი თავის არეში მიყენებული მრავალჯერადი დარტყმებით გამოწვეული ტვინის ფართომასშტაბიანი სისხლჩაქცევა გახდა.

შემთხვევა ორშაბათს, 2 თებერვალს, გვიან საღამოს მოხდა. სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, კონტროლიორმა მატარებელში ოთხი ახალგაზრდა მგზავრი შეამოწმა, რომელთაგან ერთს, 20–30 წლის ასაკის მამაკაცს, ბილეთი არ აღმოაჩნდა. კონტროლიორმა მას მატარებლის დატოვება მოსთხოვა.

როდესაც შემადგენლობა დაძვრას იწყებდა, 26 წლის უბილეთო მგზავრი მოულოდნელად თავს დაესხა კონტროლიორს და მას რამდენჯერმე დაარტყა თავში. პოლიციის ცნობით, თავდასხმისას არ გამოყენებულა არც ცივი იარაღი და არც სხვა სახიფათო საგანი, თუმცა დარტყმებმა კონტროლიორის გონების დაკარგვა გამოიწვია. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც, მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, ოთხშაბათს დილით გარდაიცვალა. აუტოფსიის წინასწარი შედეგების მიხედვით, სიკვდილი ტვინში ძლიერი სისხლჩაქცევის შედეგი იყო.

ეჭვმიტანილი მამაკაცი პოლიციამ დააკავა. უწყების ინფორმაციით, იგი საბერძნეთის მოქალაქეა და გერმანიაში ოფიციალურად რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. დაკავებულის განცხადებით, იგი ლუქსემბურგში ცხოვრობს.