1744130034
გენეტიკა მუსიკის სიყვარულს განსაზღვრავს?! - ნახეთ რა დასკვნამდე მივიდნენ მკვლევრები

ახალი კვლევის თანახმად, მუსიკით ტკბობის უნარი ნაწილობრივ მემკვიდრეობითია. აღმოჩნდა, რომ მუსიკით მიღებული სიამოვნების 54% დაკავშირებულია დნმ-თან.
მკვლევრებმა გააანალიზეს 9 000-ზე მეტი ტყუპის მონაცემები, რათა გაერკვიათ, რა გავლენას ახდენდა გენეტიკა იმაზე, თუ რამდენად დიდ სიამოვნებას იღებენ ადამიანები მუსიკისგან.
მათ აღმოაჩინეს, რომ გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მუსიკით სიამოვნების მიღებაზე, ნაწილობრივ განსხვავდება იმ ფაქტორებისგან, რომლებიც დაკავშირებულია მუსიკალურ აღქმასთან. დასკვნების თანახმად, ცალკეული გენეტიკური ფაქტორები ხელს უწყობს ადამიანების მიერ მუსიკის აღქმას.
კვლევას ნიდერლანდელი მეცნიერები უძღვებოდნენ და ის ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მუსიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის იდენტობაში, სოციალურ კავშირებსა და კულტურულ გამოხატულებაში. როგორც დარვინმა ერთხელ აღნიშნა, "მუსიკის აღქმა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი შესაძლებლობაა".
და მაინც, რატომ უყვარს ადამიანს მუსიკა?
"ამ დიდ შეკითხვაზე პასუხს აქვს შესაძლებლობა, გახსნას ფანჯარა ადამიანის გონების უფრო ზოგად ასპექტებში, მაგალითად, როგორ ვიღებთ სიამოვნებას. ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, შეიძლება თუ არა ინდივიდებს შორის გენეტიკურმა ფაქტორებმა გამოიწვიოს განსხვავებები სიამოვნებაში, რომელსაც ადამიანები იღებენ მუსიკისგან. ამით გვსურდა გაგვეგო, რას გვეუბნება ეს განსხვავებები ზოგადად ადამიანის მუსიკალურობაზე", — თქვა კვლევის ავტორმა ჯაკომო ბიგნარდიმ.
ამის დასადგენად მეცნიერებმა გენეტიკურად იდენტური და არაიდენტური ტყუპები შეისწავლეს. გერმანიისა და შვედეთის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გუნდმა 9 000-ზე მეტი ტყუპის მონაცემები გაანალიზა.
"შედეგები აჩვენებს, რომ მუსიკისგან სიამოვნების მიღების უნარი ნაწილობრივ მემკვიდრეობითია და ციფრებში ეს 54%-ია", — ამბობენ მკვლევრები.
ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ გენეტიკურ ფაქტორებს აქვს მნიშვნელობა იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ მუსიკალურ ბიტს და როგორ ვმოძრაობთ ამ დროს.
მეცნიერების თქმით, მომავალი კვლევები შეიძლება დაგვეხმაროს იმის გარკვევაში, გენომის რომელი ნაწილი განსაზღვრავს მუსიკისგან სიამოვნების მიღების უნარს. ეს ინფორმაცია ნათელს მოჰფენს იმას, რაც ჩარლზ დარვინისთვის დიდი გამოცანა იყო და დღემდე არ არის ბოლომდე ამოხსნილი — რატომ გვიზიდავს მუსიკა.